პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ შემჩერებელი ვგონებთ არავინაა. „ქალაქელები“ თამაშს-თამაშზე იგებენ და ინგლისის ჩემპიონობის მორიგ ტიტულს უახლოვდებიან. პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ამჯერად „ვულვზი“ არ დაინდეს და 4:1 გაანადგურეს.
თავისთავად, მატჩის შემდეგ კმაყოფილი და ბედნიერი იყო „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი დამრიგებელი. გვარდიოლამ მედიასთან თავისი გუნდი შეაქო.
„გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა ბიჭებმა დაკისრებულ დავალებებს თავი იდეალურად გაართვეს და მათი გარჯით კმაყოფილი ვარ.
დღეს, მოწინააღმდეგის სახით სუსტი გუნდი არ გვყავდა. ვულვზი დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა და არაერთი მეტოქე გაუმწარებია. ახლაც, როდესაც ანგარიში გაგვითანაბრეს ცოტათი ავნერვიულდი, მაგრამ მალე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.
კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია. არაერთ ტურნირზე გვიწევს თამაში და თითოეული გამარჯვება დასაფასებელია, მითუფრო ვულვზის დონის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი გუნდის.
ვფიქრობ, სიტის ფეხბურთელები, როგორც ჩემი, ასევე ქომაგების მხრიდან კომპლიმენტებს ნამდვილად იმსახურებენ“ – აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.





