გახსოვთ რონალდუს რეკორდი, რომელზეც არაერთი მითქმა-მოთქმა იყო? ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობას ვგულისხმობთ. მაშინ, ბრაზილიურმა „სანტოსმა“ ეს ამბავი გააპროტესტა და ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა,სადაც ნათქვამი იყო, რომ რონალდუს პელეს რეკორდამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლდა.
იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურინელებმა „კალიარის“ 3:1 მოუგეს და რონალდუმაც ჰეთთრიქი შეასრულა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შემდეგ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ პელეს რეკორდი ახლა მოხსნა და არა მაშინ, როდესაც ამის შესახებ დაიწერა.
ფეხბურთის მეფემაც არ დააყოვნა და რონალუს უპასუხა:
„შენ არაჩვეულებრივი ხარ. მოედანზე შენი ყურება ერთი სიამოვნებაა. დიდებული კარიერა გაქვს. უბრალოდ დაფრინავ. შენ თამაშებს ხშირად ვუყურებ.
მინდა მოგილოცო ჩემი რეკორდის დამხობა. ერთადერთი გული იმაზე მწყდება და ვნანობ, რომ დღეს ვერ გეხუტები“ – აღნიშნავს პელე საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.







