საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და შტურმში 2024 წლამდე ითამაშებს.
“საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოთარი ჩვენს გუნდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. მის სწრაფ დრიბლინგებსა და ბოლო პასებს ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. მას კარგად ახასიათებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად სხვა წინადადებებისა, გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიიღო,” – აცხადებს შტურმის გენერალური მენეჯერი ანდრეას შიკერი.
“გრაცში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ შესანიშნავი გარემოა და მიხარია, რომ ჩემს შტურმთან ერთად ახალი გამოწვევებისთვის მოვემზადები. განსაკუთრებით მიხარია, რომ ევროპალიგაზე ვითამაშებთ,” – ეს ქართველი ნახევარმცველის სიტყვებია.
ოთარ კიტეიშვილს შტურმის მაისურით ჯამში 96 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და 35 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა. 2020/21 წლების სეზონში გრაცის შტურმმა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა. ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიული ბუნდესლიგის 26 მატჩში ითამაშა და 7 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩა.








