ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში, შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ სტუმრად „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა განვლილი მატჩი შეაფასა:
„ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში ქულა ავიღეთ. ბედნიერი ვარ და ვთვლი, რომ სტადიონზე, სადაც თამაში რთულია, მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. „დერბისთან“ მატჩის შემდეგ, „ფულემთან“ კარგად ვიასპარეზეთ, რასაც ურთულესი გასვლითი შეხვედრა მოჰყვა. „შეფილდს“ დიდი ხანია ეს შემადგენლობა ჰყავს, ფეხბურთელები ერთმანეთს შესანიშნავად იცნობენ, ბურთს სწრაფად ათამაშებენ და მცველების ზურგს უკან ბევრ სივრცეს ქმნიან. ამიტომ, მათ წინააღმდეგ დაცვაში თამაში მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. „შეფილდს“ მხოლოდ 2 თუ 3 კარგი მომენტი ჰქონდა და დანარჩენ შემთხვევაში ვითარების გამწვავებას კუთხურებითა და გრძელი პასებით ცდილობდა, რომლებსაც კარგად გავუმკლავდით. როგორც გუნდმა, თავი შესანიშნავად დავიცავით და ამის ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა. მეტოქე უნდა დაგვესაჯა და 2-3 სახიფათო მომენტი გვქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. 3 ურთულესი მატჩის შემდეგ, ოქროს ქულა ავიღეთ და ამ ქულის მოპოვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო“, – განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტიში“ დანიშვნის შემდეგ, შოთა არველაძემ ჩემპიონშიფში 5 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხია. 32 ტურის შემდეგ, ჰალი ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-20 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაში მყოფ „პეტერბორს“ 13 ქულით უსწრებს. შოთა არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 თებერვალს, ქპრ-ს წინააღმდეგ გამართავს.








