თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” ამხანაგურ მატჩში “კარმინოტისასი” ანგარიშით 5:1 დაამარცხა. ზემოდხსენებულ მატჩში ქართველი ფეხბურთელის ნიკა ნინუას დებიუტი შედგა.
პირველი არხის გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის შუახაზელმა მატჩის შემდეგ ახალ კლუბზე და მის ტრანსფერში თემურ ქეცბაიას მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ძალიან მიხარია, რომ „ანორთოსისში“ გადმოვედი. ეს შესანიშნავი გუნდია და ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ. იმისთვის მოვედი, რომ მეტი სათამაშო დრო მომეცეს. თემურ ქეცბაია დიდი მწვრთნელია და მასთან ტიტულის მოსაპოვებლად მოვედი. მისი ხელმძღვანელობით მაქვს დიდი შანსი, ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და ვითამაშო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში“, – განაცხადა ნიკა ნინუამ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი კვიპროსულ გუნდში რამოდენიმე დღის წინ 1 წლიანი იჯარით “პაოკიდან” გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკა ნინუა ფამაგუსტურ გუნდში კიდევ 2 ქართველთან, გიორგი ლორიასთან და ნიკა კაჭარავასთან ერთად ითამაშებს.





