თემურ ქეცბაიამ „პაოკის“ კარზე დააკაკუნა. ყოველშემთხვევაში ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ბერძნული სპორტული სააგენტო ავრცელებს, რომელიც თავის ქვეყანაში საკმაოდ პოპულარულია.
როგორც ჩვენი ბერძენი კოლეგები ამტკიცებენ, „ანართოსისის“ ხელმძღვანელობა პაბლო გარსიას და მისი გუნდის ბოსებს უკვე შეეხმიანა და ნიკა ნინუას თაობაზე ჩამოუგდო სიტყვაო. უფრო მეტიც – ეს ამბავი უკვე მოგვარებულიაო. ქართველ ფეხბურთელს „პაოკში“ დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და „ანართოსისსაც“ იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლომდე ნინუას იჯარის წესით გადმოიბირებენ.
ვის, ვის და თემურ ქეცბაიას ნინუას შესაძლებლობები ნამდვილად არ ესწავლება. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მის მიმართ საქებარ სიტყვებს არასოდეს იშურებდა.
მართალია, ბერძნული მედიის თქმით ამ ამბის მოკვარახჭინებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ჯერ მაინც ბოლომდე ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის.
ნიკა ნინუა 21 წლის უდავოდ ნიჭიერი ნახევარმცველია, რომელიც ცაციაა და ჯარიმებსაც იდეალურად ურტყამს. ვფიქრობთ, „პაოკში“ თადარიგში ყოფნას, კლუბის დროებით გამოცვლა და სისტემატიური თამაში ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გამართლდება თუ არა ბერძნული მედიის სიტყვები.








