ჯენარო გატუზოს რომ წყალი აქვს შეყენებული არახალი ამბავია. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა რინოს საქმიანობით დიდად კმაყოფილი არ არის, რაც მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებითაც ნათლად აისახება. ნეაპოლიტანელები ევროპა ლიგის 1/16 ფინალიდან ესპანურმა „გრანადამ“ გამოთიშა, ხოლო სერია ა-შიც სახარბიელოდ ვერ გამოიყურებიან. „ნაპოლი“ 40 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით კი არ არის გასაკვირი თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ჯენარო გატუზოს თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. იტალიური მედია ირწმუნება, რომ გატუზოს სეზონის დასრულებას აცდიან და კარისკენ შემდეგ მიუთითებენო.
პოპულარული და ავტორიტეტული იტალიური გამოცემები უკვე გატუზოს შემცვლელსაც ასახელებენ – მოურიციო სარი.
62 წლის იტალიელი სპეციალისტი „ნაპოლის“ აქამდეც წრთვნიდა და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა შემდეგ კლუბის პრეზიდენტთან აურილიო დე ლაურენტისთან კონფლიქტი მოუხდა და მანაც გეზი ჯერ „იუვენტუსში“, შემდეგ კი „ჩელსისკენ“ აიღო, მაგრამ ორივე კლუბში დიდხანს ვერ დაჰყო და ახლა დროებით უმუშევარია.





