მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კოსოვოს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 1:2 გაიმარჯვა.
ანგარიში მე-11 წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მასპინძელთა მეკარის შეცდომით, მეტოქის საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
კოსოვოელებმა წონასწორობის აღდგენა პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს. გიორგი ლორიას საჯარიმოში კოსოვოს ფეხბურთელის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაჯარიმდა, მთავარმა მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად მურიქიმ სეასრულა.
მეორე ნახევარი პირველი ტაიმის მსაგვას დაძაბული და ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ ვილი სანიოლმა გამარჯვება დიდ ბრძოლაში მოიპოვა. ზურიკო დავითაშვილის გოლამდე კოსოვოელებს წინ გასვლა რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და 82-ე წუთზე დავითაშვილმა გამარჯვების გოლიც გაიტანა.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა 9-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, ამ მოგების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს 4 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნით შეხვედრას ნოემბერში, საკუთარ მოედანზე შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.








