ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. გადაჭრით ვერავინ იტყვის, დაესმება თუ არა წერტილი ლიონელ მესის „ბარსელონურ“ ეპოპეას, მაგრამ იმას კი წყალი არ გაუვა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს კატალონიურ გრანდზე გული აცრუებული აქვს და „ბლაუგრანას“ დატოვებას ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში აპირებდა. მაშინ მესი არ გაუშვეს და ისიც დარჩა, თუმცა დღის წესრიგიდან არგენტინელი ათიანის წასვლა არ მოხსნილა.
ყველაზე ხშირად მას „მანჩეტსერ სიტის“ და „პსჟ“-ს უკავშირებენ. „ბარსელონას“ ყოფილი ფორვარდი, ბრაზილიელი რივალდო თითქმის დარწმუნებულია, რომ მესი კარიერას ფრანგულ გრანდში გააგრძელებს.
ინგლისური მედია მესის თემას არ ეშვება და ახალ-ახალ ცნობებს ავრცელებს. ავტორიტეტული გამოცემა Sun-ი იუწყება, რომ ლეოს პეპ გვარდიოლას გუნდიდან ისევ დაუკავშირდნენ და მას განახლებული კონტრაქტი შესთავაზე, რომელიც წინამორბედისგან ოდნავ მოკრძალებულია, თუმცა მაინც არაფერი დაეწუნება.
ადრე გაიჟღერა, რომ „ქალაქელებმა“ მესის 5 წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 600 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, ამჯერად კი ციფრი 430 მილიონზე დაიყვანეს, თუმცა კონტრაქტის პირობებში ჩადებულია მუხლი, რომლის თანახმადაც „სიტისში“ 3 წლის გატარების შემდეგ, მას ამერიკულ „ნიუ იორკ სიტიში“ სათამაშოდ გაუშვებენ, რომელიც ასევე მანჩესტერული გრანდის მფლობელობაშია.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. აღდგომა და ხვალეო.





