ფიგურულ ციგურაობაში, სტოქჰოლმში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დასრულდა ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება, რომელშიც სხვებთან ერთად ქართველი სპორტსმენი ალინა ურუშაძეც მონაწილეობდა.
17 წლის ნიჭიერ მოციგურავეს ამ ეტაპზე მედლის აღებას არავინ სთხოვდა. შვედეთის დედაქალაქში მთავარი მიზანი 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება იყო. ჰოდა, ალინა ურუშაძემაც თავისი დამაჯერებელი ასპარეზობით ამ მიზანს მიაღწია.
მოკლე პროგრამის შემდეგ, ურუშაძე 59,89 ქულით 30 მონაწილეს შორის მე-18 ადგილზე გავიდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფინალში მონაწილეობის უფლება მოეპოვებინა.
რაც შეეხება თავისუფალ პროგრამას, აქ ალინა ურუშაძემ 109,12 ქულა დაიმსახურა. ჯამში კი 169,01 ქულა მოუგროვდა და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატი მე-20 ადგილზე დაასრულა.








