უკრაინაში საბა კვირკველიას დებიუტი შედგა. პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მატჩში “მეტალისტმა” შინ “ინჰულეცი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ხარკოვულმა გუნდმა მეტოქე ძალიან იოლად დაამარცხა, კვირკველია მოედანზე 78-ე წუთზე შემოვიდა და თავისი სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა. საბას ბოლო შეხვედრა აქამდე 2 ივნისით თარიღდებოდა, ქართველ ფეხბურთელის მიზანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაა და ფორმაში შესასვლელად “მეტალისტში” სისტემატიურად თამაში იდეალური შანსი იქნება.
შეხვედრის შემდეგ, “მეტალისტის” მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
“კვერკველიას დებიუტი შედგა და 20 წუთზე ცოტა ნაკლები ითამაშა. ის ძლიერი და გამოცდილი მცველია, რომელიც ფორმას მალე აღიდგენს. გადავწყვიტეთ ეთამაშა, რომ საშინაო არენის და გუნდის ატმოსფერო შეეგრძნო. თუ შესაძლებელი იქნება, ვეცდებით, რომ მან უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს, რადგან ჩვენი ლაზარეთი სამწუხაროდ, არ იცლება”, – თქვა კრივენცოვმა.
ცნობისთვის, საბა კვირკველიას გუნდი 12 ტურის შემდეგ უკრაინის პრემიერ ლიგაში 19 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ვალერი კრივენცოვის გუნდი მომდევნო მატჩს უკრაინის თასზე “ოლექსანდრიას” წინააღმდეგ გამართავს.






