საბა კვერკველიას მომავალი კვლავაც გაურკვეველია. 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამ ზაფხულს მოსკოვის “ლოკომოტივს” საბოლოოდ დაემშვიდობა და თავისუფალი აგენტი გახდა, ამ დრომდე ახალი კლუბის ძიებაშია.
საბას მომავალთან დაკავშირებით მისმა აგენტმა ივან კარპმა რუსულ მედიასთან ისაუბრა, სადაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის არცთუ სასურველი ვარაინტი დაასახელა:
“ახლოს ვართ არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბთან კონტრაქტის გაფორმებასთან, მაგრამ ამავდროულად, განვიხილავთ ყველა წინადადებას, რომელიც შემოდის”, – ამბობს კარპი.
საქართველოს ნაკრების მცველს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში მხოლოდ რუსეთში უთამაშია. გასული სეზონი საბამ იჯარით ვოლგოგრადის “როტორში” გაატარა, სადაც 19 შეხვედრაში ითამაშა.





