საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის შეკრებაზე ბოლო შეხვედრა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, 3-ბურთიანი სხვაობით, 4:1 დამარცხდა.
ბულგარელმა ფეხბურთელებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. იასენ პეტროვის გუნდი მთელი 45 წუთის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და ჩვენს კარში 3 უპასუხო ბურთი გაიტანეს. ანგარიში მე-20 წუთზე ნედელევმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა. 34-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში მეტოქეზე უხეშობისთვის ოთარ კაკაბაძე დაჯარიმდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. დარტყმა ზუსტად ილიევმა შეასრულა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, ზუსტად 10 წუთში კი ბულგარელებმა მესამე გოლი გაიტანეს. თავი ამჯერად დელევმა გამოიჩინა.
მეორე ნახევარში მატჩის სადავეები ძირითადად საქართველოს ნაკრების ხელში გადავიდა, თუმცა გოლი კვლავ ბულგარელებმა გაიტანეს. 53-ე წუთზე ჰრისტოვმა მასპინძლების უპირატესობა 4 ბურთამდე გაზარდა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლის გატანა 77-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შეძლო. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში მცველების შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის შეკრებაზე მესამე შეხვედრაც წააგო და რაც ყველაზე სამწუხაროა, სანაკრებო პაუზა ბურთების კატასტროფული შეფარდებით დაასრულა – 9 გაშვებული ბურთი და მხოლოდ 1 გატანილი (კოსოვოსთან 0:1; ესპანეთთან 0:4)…
ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს გამართავს. ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 მატჩში ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.








