ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად თებერვალში დაინიშნა. ეჭვგარეშეა, რომ ფრანგი სპეციალისტი ერთადერთი არ იქნებოდა, ვისთანაც ფეხბურთის ფედერაციას მოლაპარაკებები ექნებოდა. საბოლოო არჩევანი სანიოლზე გაკეთდა და სიმართლე ითქვას, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტზე 2 მარცხისა, მის მუშაობაში დადებითი კონტურები ნამდვილად შეინიშნება.
როგორც ჩანს, კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც შეიძლებოდა ჯვაროსნები ჩაებარებინა მაცეი სკორჟა გახლდათ. პოლონელი მწვრთნელი ამის შესახებ იქაურ მედიასთან საუბარში თავად საუბრობს.
„მიმდინარე წლის დასაწყისში, საქართველოს ნაკრების რამდენიმე ძველი მატჩის ყურება მომიხდა, რადგან ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. ისე მოხდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა“ – ამბობს სკორჟა.
პოლონელი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ პოზნანის „ლეხის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც ჩვენებური ნიკა კვეკვესკირი ირიცხება. მაცეი სკორჟამ ქართველი ფეხბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ სამომავლოდ მისი ეიმედება.
„კვეკვესკირის თამაშის სტილს კარგად ვიცნობ. როგორც ავღნიშნე, ნაკრების რამდენიმე მატჩი ვნახე. ის თავისი საქმის უზადო პროფესიონალია და მაღალ დონეზე თამაშისთვის ყველა უნარი გააჩნია. გუნდში მისი იმედი გვაქვს“ – აღნიშნავს მაცეი სკორჟა.





