საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა და „ლოკომოტივს“ დაემშვიდობა.
33 წლის ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელებს, თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
„დღეს ოფიციალურად დავემშვიდობე თბილისის ლოკომოტივს. კლუბი, სადაც ბოლო რამდენიმე თვე გავატარე ჩემი კარიერაში ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. შეიძლება ვინმესთვის ბევრი არ არის, 17 მატჩი და ამ თამაშებში გატანილი ოთხი გოლი… მაგრამ, ფეხბურთის თამაში ხომ იმიტომ დავიწყე, რომ დასამახსოვრებელი სპორტული და არასპორტული ეპიზოდები შემეგროვებინა. ასე იყო ლოკომოტივთან ერთად გატარებული ეს თვეებიც. დავაგროვე ბევრი საინტერესო მოგონება და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ექიმებს, ყველას ვინც ქმნის თბილისის ლოკომოტივს. რაც მთავარია მადლობა გულშემატკივარს, ვისაც უყვარს ქართული ფეხბურთი და სტადიონზე თუ ტელეკრანთან ლოკომოტივს ქომაგობს. მადლობა საინტერესო თავგადასავლისთვის“, – განაცხადა ფეხბურთელმა.
გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივში“ მიმდინარე წლის ზამთრიდან თამაშობდა და 17 მატჩში 4 გოლის გატანაც მოახერხა. მან კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2010 წელს კი არნემის „ვიტესში“ გადავიდა, სადაც 8 სეზონი გაატარა, ნიდერლანდების თასი მოიგო და გუნდის ლეგენდად იქცა. 2018-2020 წლებში ქართველი ფეხბურთელი, MLS-ში „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა.








