რაგბის და ზოგადად ქართული სპორტის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავი გავრცელდა. საქართველოს ნაკრები ზაფხულში შოტლანდიის გუნდს ისევ უმასპინძლებს.
სქოთებთან ჭიდილი და პაექრობა სარაგბო თემში პატარა საქმე არ გახლავთ, თან როდესაც ამის სურვილს თავად გამოთქვამენ.
შოტლანდიელთა და ბორჯღალოსანთა ჯახი 17 ივლისს სავარაუდოდ ბათუმში გაიმართება. რა თქმა უნდა, ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდთან კიდევ ერთხელ თამაშის შესაძლებლობა ხიბლავს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს:
„შოტლანდიელთა ძალა რაგბში ყველას კარგად მოეხსენება. სქოთები განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდნენ, რაც მთავარ მწვრთნელად გრიგორ თაუთსენდი დაინიშნა. მის ხელში შოტლანდიელების პროგრესი თვალსაჩინოა და ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა, რომ ასეთ ძლიერ გუნდთან კიდევ ერთხელ თამაშის შესაძლებლობა გვეძლევა.
ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩვენთვის მათთან თამაში დიდი პატივია. ამით დიდ გამოცდილებას შევიძენთ. შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ 6 ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.
შოტლანდიას შარშან შემოდგომაზეც ვეთამაშეთ, თუმცა მაშინ სათანადო ფორმაში არ ვიყავით და შედარებით მოუმზადებლად მოგვიწია მათთან დაპირისპირება. დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ზაფხულში ხარისხობრივად გაცილებით უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ივნისში, სავარაუდოდ, ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან მოგვიწევს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა. მიდის მუშაობა, რომ შოტლანდიამდე კიდევ ერთი ან ორი თამაში გვქონდეს და სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ 17 ივლისისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით“ – აღნიშნავს ლევან მაისაშვილი.






