საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს გამართული თამაშები შეაფასა.
„ჩემთვის, ეს თამაშები იყო სამარცხვინო, კატასტროფა. ეს რაც ჩვენ ვნახეთ, ლოგიკაში არ ჯდებოდა, არც იკითხებოდა.
პირველი მატჩი კოსოვოსთან გვქონდა. ამდენი დღე გავიდა, მაგრამ ვერ ვხსნი, რა მოხდა, რა იყო. პირველი თამაშია ახალ სტადიონზე. ან სტატისტიკას არ კითხულობენ, წლები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შეხვედრა არ მოგვიგია. რაღაც სურვილი ხომ გაქვს, რომ ეს ყველაფერი შეცვალო, უკეთესი გააკეთო? ეთამაშები არაღიარებული სახელმწიფოს ნაკრებს. ალბათ, კოსოვო ერთადერთი გუნდია, რომელზეც იტყვი, რომ ეს თამაში უნდა მოიგო. ის რაც მოედანზე პირველივე წუთიდან ჩანდა, იყო კატასტროფა.
დავიჯერო სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს? არა, ასე არ არის. თუ ფეხბურთელების მიმართაც არ ვიყავით კრიტიკულები, შეუძლებელია წარმატება. მათაც უნდა იგრძნონ ეს ყველაფერი. წავაგებთ თამაშს და ვიძახით მწვრთნელმა რა გააკეთა, იქ პრეზიდენტის ბრალია. კარგად ვიცი, რომ ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში ცოტას თამაშობენ, მაგრამ კოსოვოს თავდამსხმელს რომ დავუთვალოთ, ჯამში, შესაძლოა, ჩვენს მოთამაშეებზე ნაკლები აქვს ნათამაშები. მას მოედანზე რამე შეატყვეთ? 14 ნომერი ჰყავდათ, არ გაჩერებულა, ისე დარბოდა. დედას ვფიცავარ, ორჯერ დავთვალე, ხომ ნამდვილად 11 კაცი თამაშობს მეთქი.
რაც არ უნდა მოუმზადებელი ფეხბურთელი იყო, პირველივე წუთიდან ხომ გეტყობა გინდა თუ არა თამაში.
მივდივართ ისევ ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე, პატრიოტიზმზე. მართლა მიხარია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი სპორტსმენის წარმატება. ნუთუ, შენ არ უყურებ? იგივე ჩვენი ოლიმპიელები, ლაშა ბექაური ტრავმირებული წავიდა, მოიგო, ყველაფერი გააკეთა. შენც ხომ გინდა, რომ ერთხელ აეროპორტში რომ ჩამოხვალ, ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას? თუ საჭიროა უნდა ვაკრიტიკოთ ფეხბურთელები ამით მას ვეხმარებით, ეს ცუდი არ არის. მეც უნდა მაკრიტიკოთ.
გულახდილად გეტყვით, როცა ესპანეთთან მატჩისათვის სტადიონზე მივდიოდი და შემადგენლობა გავიგე, არც მე მქონდა კარგი განწყობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ მწვრთნელს ყველა კარგად ჰყავს, ჯანმრთელად, რატომ უნდა შეცვალოს შემადგენლობა? ვიღაც გახურებაზე გამოვიდა, ფეხი ატკივდა. ვიღაცას თავის გუნდში წასვლა უნდოდა. ვილი სანიოლიც უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ ხომ ტაქტიკით არ წაგვიგია თამაში? კოსოვომ ჩემზე მეტი არ უნდა ირბინოს, ჩემზე მეტი სპრინტი არ უნდა გააკეთოს და მეტი ორთაბრძოლა არ უნდა მოიგოს.
მე რომ მწვრთნელი ვარ და ვიცი, რა შეუძლია ხოჭოლავას და როგორ ითამაშა პირველი მატჩი, არ მომინდება მისი დაყენება. რაღაც რეაგირება ხომ უნდა ჰქონდეს მწვრთნეს.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა კვეკვესკირს, ის არავის ჩამოუწერია და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა, თუმცა წინა თამაშებში არ იყო მისით მწვრთნელი კმაყოფილი და ამიტომ არ გამოიძახა. ქვილითაიას თამაშითაც არ იყო პირველ მატჩებში კმაყოფილი, შემდეგ აღარ გამოიძახა, ამ სანაკრებო პაუზაზე ისევ იხმო, დააყენა, შეიცვალა რამე?
თქვენ ახსენეთ წიტაიშვილი, გავიგე, რომ იდეალური თამაში არ ჰქონდა, მაგრამ რომ შეხედავ, ხომ ეტყობა, რომ თამაში უნდა. ბურთის მიღება უნდა, კაცს ატყუებს, იქ ჯარიმა დაიდო, მივიდა, მე დავარტყამო. ხვდები, რომ უნდა თამაში და განწყობა აქვს“, – განაცხადა კობიაშვილმა.







