ზაფხული და შესაბამისად ცხელი სატრანსფერო ამბები ახლოვდება. ქართველი გულშემატკივრების ინტერესი ბუნებრივია ხვიჩა კვარაცხეკლიას მიმართ არის მიპყრობილი. ყველას ეიმედება, რომ 20 წლის უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი რომელიმე ევროპულ ტოპ გუნდში გააგრძელებს კარიერას.
ამაში ეჭვი არ ეპარება „რუბინის“ მთავარ მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის. ყაზანური გუნდის თავკაცი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომავალი სეზონიდან რომელიმე გრანდში ამოჰყოფს თავს და საფეხბურთო სამყაროს უკვე ევროპული სარბიელიდან აღაფრთოვანებს.
ლეონიდ სლუცკიმ ამის შესახებ ერთ-ერთ რუსულ ტელეკომპანიასთან, კერძოდ კი tatarstan24.tv-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილი ტალანტია. ის ჩვენი გუნდის სული და გულია. იშვიათად მინახავს ამ ასაკში, ასეთი დონის პროფესიონალი. ის ყველანაირად მზად არის ევროპის ნებისმიერ ტოპ ჩემპიონატში სათამაშოდ.
ძალიან გამიკვირდება ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის პერიოდში თუ ასე არ მოხდება. ხვიჩას თუ არ შეიძენენ, აბა ვინ უნდ იყიდონ?
ყველა ხილს აქვს თავისი დამწიფების დრო. ხვიჩა კვარაცხელია უკვე მზად არის ევროპაში გაიბრწყინოს. ჩვენ მას ვერ გამოვამწყვდევთ. ხვიჩას წასვლით დიდი სინანული დაგვეუფლება, მაგრამ ამავდროულად ამაყებიც ვიქნებით, რადგან ავღზარდეთ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ ევროპულ გრანდში სათამაშოდ მზად არის“ – ამბობს ლეონიდ სლუცკი.





