ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ შინ თბილისის „დინამოს“ მიიღო. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
აჭარული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაზარე კუპატაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“დილამშვიდობისა, ჩემპიონებო! გუშინ გვქონდა ფანტასტიკური საღამო და ვიხილეთ ის გუნდი, რომლის ხილვასაც ვისურვებთ ყველა ტურის განმავლობაში და ამისთვის თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ბევრს მუშაობს.
აქ კი მთავარი ერთი რამაა: ეს არაა მაქსიმუმი, რომლის ჩვენებაც შეგვიძლია, ეს ჩვენი შესაძლებლობების ნახევარია, ჩვენ ბათუმის დინამო ვართ.
ბათუმის დინამოს ქომაგებო, შეუდარებლები ხართ! მადლობა სტადიონზე მოსულ ყველა გულშემატკივარს და ყველა იმ ქომაგს, ვინც სტადიონზე ვერ მოვიდა, თუმცა გულით გვგულშემატკივრობდა.” – განაცხადა ლაზარე კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამარჯვებით ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგაში გალიდერდა.





