ჟოან ლაპორტა „ბარსელონაში“ დიდ გადაწყობას იწყებს. მომავალი სეზონიდან კატალონიურ გრანდში არაერთ სიახლეს ელოდებიან. რა თქმა უნდა, უმთავრესად სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით.
ლაპორტას უმთავრესი ამოცანა ლიონელ მესის შენარჩუნებაა. არახალი ამბავია, რომ არგენტინელი ფორვარდი „ბარსელონას“ დატოვებას ჯერ კიდევ შარშან აპირებდა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა გუნდში დარჩენა გადააწყვეტინა.
როგორც ამბობენ, მესის მოსათაფლად ჟოან ლაპორტას ერთი ხრიკი აქვს ჩაფიქრებული. „ბარსელონას“ პრეზიდენტს გუნდში კუნ აგუეროს მოყვანა სურს, რომელიც მესის უახლოესი მეგობარია. ლაპორტას იმედი აქვს, რომ ამით ის ლეოს შეინარჩუნებს.
თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ აგუეროს მსხვერპლად ხელფასის გაღება მოუწევს. არა, ანაზღაურების გარეშე მას არავინ დატოვებს, უბრალოდ შემცირებაზეა საუბარი. „ბარსელონაში“ მას „მანჩესტერ სიტის“ დარი ხელფასი აღარ ექნება.
ამასობაში, „ქალაქელებმა“ აგუეროსთან მოლაპარაკებები წამოიწყეს. მათ პირიქით, მესის თავიანთ გუნდში ხილვა სურთ და საამისოდ კუნის დაყოლიება დაიწყეს.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.





