ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ შვედურ „როზენგარდს“ შეხვდა და დიდი სხვაობით, 0:7 დამარცხდა.
შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდა, ლანჩხუთელი გოგონებისთვის ფაქტობრივად უშანსო გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში შვედი ფეხბურთელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც „ლანჩხუთიდან“ შეგვიძლია გამოვარჩიოთ, გურულების მეკარე, თათია გაბუნიაა, რომელმაც მეტოქის 21 დარტყმული მოიგერია. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღევანდელ შეხვედრაში ლანჩხუთელები ორნიშნა სხვაობით არ დამარცხდნენ.
ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში მეტოქისგან 6 ბურთი გაუშვეს, მეორე ნახევარში კი მხოლოდ 1 მიიღეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთი უკიდურეს საფეხურზეა, ლანჩხუთელი გოგონების გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე მაინც წარმატებულად უნდა შეფასდეს.
მიმდინარე სეზონში „ლანჩხუთი“ გათამაშებაში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ზუსტად 1 კვირაში, ქართველი ფეხბურთელები 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „როზენგარდს“ შვედეთში ესტუმრებიან.








