საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავით კიდევ ერთი ცნობილი გუნდი ინტერესდება. რუსული საინფორმაციო სააგენტო Eurostavka-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფრანგული „მონაკოც“ ერთვება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებმა ყაზანელ კოლეგებს ხვიჩას დახასიათება სთხოვეს და ზაფხულის სანაკრებო თამაშებზე დასაკვირვებლად სკაუტებსაც გაგზავნიან. სააგენტოს ცნობით, მონაკო წარმომადგენლები ნიდერლანდებთან და რუმინეთთან გასამართ მატჩს დაესწრებიან.
„მონაკო“ ერთადერთი გუნდი არაა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება სურს. ქართველი ფეხბურთელის ყიდვით ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან მილანი, იუვენტუსი, ბაიერნი, აიაქსი და სხვები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ Transfermarkt.com-ის გადაწყვეტილებით 20 წლის ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 5 მილიონით გაიზარდა და 15 მილიონი ევრო გახდა. შედეგად, კვარაცხელია საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცა.








