მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილის გრაფაში ერთი ქულა უწერია, თუმცა ამას სამართლიანობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. შვედეთთან და ესპანეთთან დაპირისპირებები რომ იქეთ გადავდოთ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საბერძნეთის წინააღმდეგ ვილი სანიოლის შეგირდები გამარჯვებას იმსახურებდნენ.
ელადელებთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ოთარ კაკაბაძის ავტოგოლის შემდეგ, ჯვაროსნები გონს სწრაფად მოეგნენ და ხვიჩა კვარაცხელიამ არაჩვეულებრივი დრიბლინგის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.
ამასობაში სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ ქართველ ტალანტს მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის მარტის სესიაზე რეკორდი დაუმყარებია. შესარჩევი ეტაპის 3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ჯამში 15 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც არცერთი სხვა ნაკრების ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
ხვიჩა კვარაცხელიამ საბერძნეთთან მატჩში 6, ესპანეთთან 5, ხოლო შვედეთის წინააღმდეგ 4 დრიბლინგი შეასრულა.





