საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდნენ.
2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
20 წლის ფეხბურთელის გარდა აღნიშნულ ჯილდოზე ნომინირებულები გურამ კაშია და გიორგი ლორიაც იყვნენ.
ამ მეტად მნიშვნელოვანი აღიარების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
“ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები, როცა ასე გაფასებს ქომაგი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებდა. მადლიერი ვარ ამ ხალხის, ეს იქნება უფრო დიდი მოტივაცია, რათა მომდევნო წლებშიც დავდოთ შედეგი”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
2021 წელს კვარამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.








