ყაზანის რუბინი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, თუმცა საბოლოოდ რომელი მათგანი დარჩება ან დატოვებს გუნდს, ამ დრომდე ძნელი სათქმელია.
ლეონიდ სლუცკის გუნდი 10 ივლისიდან საზაფხულო ტურნირის, “პარიმატჩ პრემიერის თასის” გათამაშებაში ჩაებმება, სადაც პირველ მატჩს “ხიმკისთან” გამართავს. “რუბინმა” იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ტურნირში ითამაშებენ. ჩამონათვალშია ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ევროპულ ტრანსფერს გულშემატკივარი ამ ზაფხულში ელოდება.
ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ვოლგოგრადის “როტორში” გაატარა, “რუბინის” განკარგულებაში ამ ზაფხულს დაბრუნდა და მასთან ერთად კი ემზადება, მაგრამ როგორც ჩანს, კონკურენციისა და ლეგიონერებზე ლიმიტის გამო, ლეონიდ სლუცკი 20 წლის ქართველ ნახევარმცველს გუნდში არ დაიტოვებს. ზურიკოს უთამაშებლობის მიზეზი ტრავმაც შეიძლება იყოს, თუმცა ყაზანის კლუბის პრესსამსახურს მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
“პარიმატჩ პრემიერის თასი” 10-18 ივლისს, მოსკოვსა და ხიმკიში ჩატარდება და მასში რუბინთან ერთად, მოსკოვის სპარტაკი, ხიმკი და სოჩი გამოვლენ.





