ყაზანის „რუბინმა“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. თურქეთში, „რუბინი“ სერბულ „პარტიზანს“ დაუპირისპირდა და 5:2 გაიმარჯვა.
მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების 19 წლის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც საკუთარ გუნდში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნამდვილად იყო.
ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ამასთან, 39-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარის დალაშქვრაც მოახერხა.
56-ე წუთზე, როდესაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან გაიყვანა.
ყაზანელები მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, კვლავ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, რუსულ „სოჭისთან“ გამართავენ.





