ექსტრავაგანტული იტალიელი მწვრთნელი დიდ ფეხბურთს უბრუნდება. ლუჩანო სპალეტის კვლავ საქმეში ვიხილავთ. მომავალი სეზონიდან ის „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის სავარძელში ჩაჯდება.
„დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად არაერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ. ლუჩანო სპალეტი 1 ივლისიდან ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება. კეთილი იყოს შენი მობრძანება“ – ასე გამოეხმაურა ნეაპოლიტანური გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის დანიშვნას.
62 წლის იტალიელ სპეციალისტს არაერთ გუნდში უმუშავია. ბოლოს კი ის „ინტერის“ თავკაცი იყო, საიდანაც 2019 წელს დაითხოვეს და მას შემდეგ უქმობდა.
სპალეტიმ „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯენარო გატუზო შეცვალა, რომელსაც გუნდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და საქმიანობას „ფიორენტინაში“ გააგრძელებს.








