მიუნხენის „ბაიერნმა“ რომ თავის უთვალავ ჯილდოებს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასიც შეჰმატა, ფეხბურთის და განსაკუთრებით გერმანული გრანდის ქომაგებს უსათუოდ ეცოდინებათ.
მიუნხენელებმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმეს. ფინალში ფლიკის გუნდმა მექსიკური „ტიგრესი“ ბენჟამენ პავარის ერთადერთი გოლით დაამარცხა და სეზონში მეექვსე ჯილდო მოიხვეჭა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასი ფორმალურად შარშანდელ სეზონს მიეკუთვნება. ამ მაჩვენებლით კი „ბაიერნმა“ 2009 წელს, „ბარსელონას“ მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

დაჯილდოების ცერემონიალზე კი ადგილი მცირე ინციდენტს ჰქონდა, თუმცა მომხდარს უპრიანია უხერხული ვითარება ვუწოდოთ, რომელშიც ყატარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ჯოან ბინ ჰამად ხალიფა ალ-ტანი და მატჩის მომსახურე არბიტრები ჩავარდნენ.
საქმე იმაშია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალის მთავარ არბიტრს ასისტენტებად ქალი მსაჯები – ედინა ალვეს ბატისტა და ნეუზა ბეკი ჰყავდა. ფიფას პრეზიდენტმა მატჩის ყველა მონაწილეს წესისამებრ სამახსოვრო ნივთები გადასცა, გვერდით კი ყატარის ოლიმპიური კომიტეტის შეიხი ედგა, რომელიც ეტიკეტის ფარგლებში თავისთავად ასევე ვალდებული იყო მათ მისალმებოდა. კულმინაცია კი მანდილოსნების გამოჩენა იყო, რომლებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი შეიხს არ მიახლოვებოდნენ.
მიხვდებოდით, საქმე რელიგიურ ჩვეულებებშია. რამდენიმე მუსლიმანური რელიგია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთა ფიზიკურ კონტაქტს კატეგორიულად კრძალავს და ეწინააღმდეგება.
ასე რომ, დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილე ყატარის ოლიმპიური კომიტეტის შეიხი მამაკაცებს მუშტის მირტყმით მიესალმა, მანდილოსნებს კი წაუყრუა და მათ არც შეხედა.





