თბილისის “დინამო” ანტალიაში წინასასეზონო შეკრებას გადის. დედაქალაქური გუნდი საკონტროლო შეხვედრაში უკრაინულ “ლვოვს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მატჩის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“ყველა საკონტროლო თამაშზე მთავარია დასახული გეგმის შესრულება. უპირველესად რაც ძალიან მნივნელოვანი და კარგია – თამაშმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. ასევე ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურად თანაბარი დატვირთვა მიიღო. მეორე იყო – ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე დაგეგმილის შესრულება, სხვადასხვა ფაზებში გადასვლა.
პირველ ნახევრის დებიუტში ეს ნაკლებად გამოგვივიდა, თუმცა ბოლოსკენ ახალგაზრდა ფეხბურთელები უკეთ ათამაშდნენ, ოდნავ მეტი სიმწვავე გვაკლდა. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, პრობლემა რეალიზებაში იყო. ვნახეთ ფეხბურთელების მონდომება, კარგი იყო პრესინგი და ზონებს შორის გადართვა.
სამუშაო და გამოსასწორებელი კიდევ არის, დანარჩენი კი კარგად გამოჩნდება რამდენად შევძლებთ დანახული მინუსების გამოსწორებას. ეს თამაშებიც ზუსტად ამისთვისაა.” – განაცხადა კახა ცხადაძემ.





