თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი, კახა კალაძე საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გასამართი დაპირისპირების დროს დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს.
თბილისის მერის განცხადებით, სოლიდარობის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა ხდებოდეს.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების დაპირისპირება 27 თებერვალს, „დინამო არენაზე“ 18 საათზე გაიმართება.








