იყო დრო, ევროპაში იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატს ბადალი არ ჰყავდა და ის სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მძლავრ ტურნირად ითვლებოდა. შემდეგ, „სერია ა“ რატომღაც დაუძლურდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალიც იყო. ფეხბურთის ქომაგებს ეცოდინებათ, რომ ამის გამო „იუვენტუსი“ მკაცრად დასაჯეს და „სერია ბ“-შიც კი დააქვეითეს.
იტალიის ჩემპიონატი განსაკუთრებით გამორჩეული ოთხმოცდაათიან წლებში იყო. თავად განსაჯეთ, 1991 წლიდან 2006 წლამდე, „სერია ა“ 10-ჯერ დასახელდა ევროპის საუკეთესო ჩემპიონატად.
14 წლიანი პაუზის შემდეგ კი იტალიელებმა ეს სტატუსი კვლავ დაიბრუნეს. ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), „სერია ა“ 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატად დაასახელა.
ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის გამოკითხვის მიხედვით მეორე ადგილზე ინგლისის პრემიერლიგა გავიდა, მესამე პოზიცია ბრაზილიის ჩემპიონატს არგუნეს, მეოთხე ადგილზე ესპანეთის ლა-ლიგა გავიდა, ხოლო მეხუთეზე გერმანიის ბუნდესლიგა.








