იუსტიციის სამინიტრომ ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. მათი განმარტებით რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა დარღვევებით ჩატარდა. ყრილობა 2020 წლის 24 თებერვლის საერთო კრებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო და 30 დეკემბერს ჩატარდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ რეესტრს განცხადებით მიმართა, სწორედ ამის გამო დაიწყო ყველაფრის გადახედვა.
31 დეკემბერს მე გავაპროტესტე, რომ ეს ყრილობა იყო არალეგიტიმური. მე რომც არ შემეტანა, რეესტრი მაინც არ დაარეგისტრირებდა იმიტომ, რომ ბევრი დარღვევა იყო. თუ ამბობენ, რომ ჩემი საქციელი რაგბისთვის საზიანოა, სჯობს გონს მოეგონ და ჩავატაროთ მორიგი საარჩევნო ყრილობა, რომელიც უნდა იყოს უახლოეს თვეებში – განაცხადა ხურციძემ.
რაც შეეხება აბუსერიძეს, მან მეტოქის მცდელობებს სუსტი უწოდა:
არჩევნები ლეგიტიმურად იყო ჩატარებული. გამგეობის თავმჯდომარემ, ყრილობამ, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა და ნოტარიუსმა – ყველამ აღიარა, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ხარვეზი და ამას ხვალიდან მივხედავთ, ჩემთვის სუსტია ის არგუმენტები, რაც მათ უწერიათ. ვნახავთ, ხურციძეა თუ ვინ დგას ამის უკან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ქართული რაგბის მტერია. შესარჩევი წელი გვაქვს საკვალიფიკაციო, ასევე რუსეთის თამაში გვიახლოვდება და ეს არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვერ ეგუება დამარცხებას, შეეძლო ყრილობაზე გამოცხადებულიყო და დაეყენებინა ეს საკითხი.





