ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ დიდ გუნდს სახელწოდება შეუცვლია. შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც თბილისის „დინამო“ შეგვიძლია გავიხსენოთ. იმედია, კადნიერებად არავინ ჩაგვითვლის თუ ჩვენი ქვეყნის ფლაგმანს დიდ კლუბებში მოვიხსენიებთ, რადგან ერთ დროს ეს მართლაც ასე იყო. პირველ ეროვნულ ჩემპიონატში „დინამომ“ სახელი გადაირქვა და „იბერიად“ მოგვევლინა, თუმცა ამ წამოწყებამ არ გაამართლა და კვლავ ძველი სახელი დაიბრუნა.
„დინამოს“ და „ინტერის“ მიღწევებს ნამდვილად ვერ შევადარებთ, მაგრამ არ არის გამორიცხული იტალიურმა გუნდმა სწორედ ეს ნაბიჯი გადადგას. ამ ინფორმაციას პოპულარული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ავრცელებს. ჩვენი იტალიელი კოლეგები აღნიშნავენ, რომ კლუბს მალე დაარსებიდან 113 წელი შეუსრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით სურთ სახელწოდება შეიცვალონ.
მილანურ გრანდს ოფიციალურად „ინტერნაციონალე მილანო“ ჰქვია, გუნდის ბოსებს კი მისი შემოკლება სურთ. როგორც ამბობენ, გუნდს „ინტერ მილანო“ დაერქმევა.
გულშემატკივრები მილანურ გუნდს „ინტერად“ ან „ნერაძურიდ“ მოიხსენიებენ. თუ სახელწოდება მართლა შეიცვალეს, მაშინ ინიციალებიც შემოკლდება და მხოლოდ I და M დარჩება.





