გუშინ დილით ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველს, ბილი გილმორს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს კი ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ეწერა, რომ გილმორთან კონტაქტის გამო მათი ნაკრების ორი ფეხბურთელი, ბენ ჩილველი და მეისონ მაუნტი 1-კვირიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელებს გილმორთან 25-წუთიანი კონტაქტი ჰქონდათ.
ცნობისთვის, ბილი გილმორი, მეისონ მაუნტი და ბენ ჩილველი ლონდონის „ჩელსიში“ ერთად თამაშობენ და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაც აქვთ.
ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირის მიერ შედგენილი წესებით, მაუნტს და ჩილველს სავალდებულო კარანტინი მოუწევთ, რის გამოც ჩეხეთის წინააღმდეგ დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ. კითხვის ნიშნის ქვეშაა მათი თამაში ფლეი-ოფის პირველ მატჩშიც.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები D ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება და ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 23:00-ზე გამართავს.








