ქართველი ჩოგბურთელის ოქსანა კალაშნიკოვას საჯარო განცხადებამ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გააკეთა დიდი აურზაური და ვნებათაღელვა გამოიწვია. 30 წლის კალაშნიკოვა მიიჩნევს, რომ მას წყვილთა თანრიგში „ტოკიო 2020“-ის ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული ჰქონდა, თუმცა ქართულ მხარეს განაცხადის გაგზავნა დაავიწყდა.
ცხადია, ამ საკითხისადმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას , ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.
მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია , რის შემდეგაც , საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა , ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით , რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს , რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები“ – ნათქვამია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.








