ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ დაკომპლექტება შეკრების დაწყებამდე გვინდოდა, ხოლო მომზადების დროს უნდა გადაგვეწყვიტა, ზედმეტ უცხოელებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებები მიგვეღო. ეს იყო „რუბინის“ სტრატეგია. ხვიჩა? ახლა ჩვენ ნათლად ვითვლით სათამაშო დროს, კვარაცხელია სკამზე ამიტომ დავტოვეთ. მოლაპარაკებები ფეხბურთელზე მაისიდან მიმდინარეობს, მაგრამ პრესაში ხმაური რეალობას სამი თვით უსწრებს. ასეთ დიდ ტრანსფერებში ყოველთვის არის ბევრი ნიუანსი, რამაც შეიძლება საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს“.
ორიოდე დღის წინ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტან საიმანოვმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით კლუბს არანაირი წინადადება არ მიუღიათ, იაროვინსკი კი ფაქტობრივად, სხვა რამეს ამბობს.
ცნობილია, რომ მედიაში არაერთი ევროპული კლუბის სახელი გაჟღერდა, რომლებიც კვარაცხელიასადმი დაინტერესებას გამოხატავდნენ – მათ შორის იყვნენ „იუვენტუსი“, „მილანი“, „ატალანტა“, „ბაიერნი“, „აიაქსი“ და „ლიდს იუნაიტედი“.
რუსეთის პრემიერლიგის წინა სეზონში 20 წლის თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო 23 მატჩში, 6 მათგანში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ხოლო ზედიზედ მეორედ სეზონში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.





