საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე 24 საათით ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
„ნიდერლანდებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ასეთ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ“, – განაცხადა გურამ კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ქალაქ ენსხედეში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.





