კონფერენცლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დინამო “თბილისი” ჰაიფა “მაკაბისთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა:
„სამწუხაროა, რომ ასეთ გოლებს ვუშვებთ. იგივე მოხდა, რაც წინა მატჩებში.
დინამო თბილისში ფეხბურთელები ინდივიდუალურად უკეთ უნდა იყვნენ მომზადებულნი. ბურთის საჯარიმოში მიტანა შევძელით, თუმცა კარში დარტყმები და ფლანგზე შედეგიანი გადაცემები აღარ გამოგვივიდა. ეს ინდივიდუალური ოსტატობაა, რაც სამწუხაროდ, დინამოში ბევრ ფეხბურთელს აკლია.
როცა მიზნები დიდია , შესაბამისად, ფეხბურთელები, ოსტატობის მხრივ, მაღლა უნდა იდგნენ. ბოლო, დამამთავრებელი ფაზა გვაკლდება და თუ ამ კომპონენტში სუსტი ხარ, შეხვედრას ვერ მოიგებ, ეს ბუნებრივია. მომენტებს ვქმნით, მაგრამ 15-16 მეტრიდან ვერ გაგვაქვს. მომენტების რეალიზაცია პრობლემაა.
აქ მთავარი საკითხი ფსიქოლოგიაა – ადამიანს საკუთარი თავის უნდა სჯეროდეს. შიშის ფაქტორი როდის არის? როცა თავდაჯერება გაკლია.
არის გამოუცდელობის მომენტიც. შეიძლება, გამოუცდელს შეეშინდეს, მაგრამ როცა გამოცდილი ხარ, შენში შიში აღარ უნდა იყოს.
ეს ერთადერთი პრობლემაა, რასაც მე ამ გუნდში დღეს ვხედავ.
სიმართლე რომ გითხრათ, გუნდში სუფთა გულითა და არასახარბიელო პირობებით მოვედი და მინდა, რომ დინამოს დავეხმარო. თუ ერთმანეთის ნათქვამი პირობები არ შესრულდება, რატომ უნდა ვუშალოთ ერთმანეთს ნერვები?
პესიმიზმში გადავარდნა არ მინდა, გუნდი და მე სამომავლო გეგმებზე დავილაპარაკებთ”.-განაცხადა ცხადაძემ
შეგახსნებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს სემი ოფერის სახელობის სტადიონზე შედგება.








