თურქულ შეკრებაზე გორის „დილამ“ მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. გორელები უზბეკურ „ქიზილქუმს“ შეხვდნენ და 0:1 დამარცხდნენ.
საგულისხმოა, რომ მეტოქის რიგებში სამი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს – გიორგი კუხიანიძე, გუჯა გრიგალაშვილი და მათე ვაწაძე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გორის „დილას“ ღირსებასაც იცავდა.
შეხვედრა გორელების შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა „დილას“ ფეხბურთელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რასაც ვერ ვიტყვით „ქიზილქუმის“ ქართველ ფეხბურთელებზე. უზბეკურმა კლუბმა სწორედ ქართველების ძალისხმევით მოიგო. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მათე ვაწაძემ გრიგალაშვილს ხელსაყრელი გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმაც დარტყმა ზუსტად შეასრულა, რის შედეგადაც „ქიზილქუმმა“ მატჩი მინიმალური სხვაობიტ მოიგო.
გორელები მომდევნო შეხვედრას 2 დღეში, რუსული „ტომის“ წინააღმდეგ გამართავენ.







