მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ქართველი ქომაგი პირველი მატჩის მოგების მოლოდინშია. მეტოქე საბერძნეთის ნაკრებია.
გადაცემა „ტაიმაუტში“ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა განვლილ ორ მატჩში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის თამაშიც შეაფასა და ელადელებთან მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.
„გურამ კაშია ღვინოსავითაა. რაც უფრო დრო გადის და ძველდება გაცილებით კარგი ხდება. გურამის გამოცდილება ნაკრებს კიდევ დიდხანს გამოადგება.
გიორგი ქვილითაიას შვედეთთან მატჩის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. მე ვთვლი, რომ ზედმეტად და უსამართლოდ გაკიცხეს. ის ძალიან მუშა და ნაკრებისთვის გამოსადეგი ფეხბურთელია.
რაც შეეხება ბუდუ ზივძივაძეს, ყველა ველოდით მის ნაკრებში გამოძახებას, თუმცა ესპანეთთან მას არ ჰქონდა კარგი თამაში. იმედი მაქვს, რომ ბუდუს თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემა.
საბერძნეთი უკეთეს სიტუაციაშია. მათ მხოლოდ ერთი მატჩი ითამაშეს და სრულფასოვანი აღდგენა გააკეთეს. ბერძნებმა ესპანეთთან ფრე კი გააგორეს, მაგრამ სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ იმ პენალტის გარდა არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ. მხოლოდ თავს იცავდნენ.
ჩვენ კიდევ ესპანეთთან ფეხბურთი ვითამაშეთ. ფსიქოლოგიური მომენტიც იქნება. ორივე მატჩი კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, მაგრამ მეორე მხრივ ბიჭებს მეტი თვითრწმენაც გაუჩნდათ. ასეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ.
ორი აზრი არ არსებობს, რომ რთული მატჩი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები სასურველ შედეგს გამოადნობს“ – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.





