ბელგიური „სერენსი“ ქართველი გულშემატკივრებისთვის ახლობელი გუნდი გახდა და წარმატება-წარუმატებლობაც უხარია და სწყინს.
მიზეზი კი გიორგი მიქაუტაძეა, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ბელგიური გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა.
შეგახსენებთ, „სერენსი“ ბელგიის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. პირველ საპლეიოფო დაპირისპირებაში, გიორგი მიქაუტაძის გუნდმა „ბევერენს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. „სერენსი“ მარცხს სწორედ მიქაუტაძემ გადაარჩინა, როდესაც 90-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან მეტოქის კარი აიღო.
პლეიოფის განმეორებითი მატჩი 8 მაისს გაიმართება. ამ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბელგიურ მედიასთან მეტად ამბიციური კომენტარი გააკეთა.
„ჯერ ყველაფერი წინ არის. რა თქმა უნდა, გვინდოდა პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე მოგვეგო, თუმცა არც წაგვიგია. ამიტომაც დაკარგული არაფერია.
წინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული დაპირისპირება გველოდება. ფრიტეილშიც მხოლოდ მოსაგებად მივდივართ. „ბევერენთან“ შეხვედრა გულშემატკივრებისთვის და მთლიანად ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ ერთ გოლს აუცილებლად გავიტანთ. ზეწოლას არ ვგრძნობთ და საბრძოლო განწყობაზე ვართ“ – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.





