გიორგი მიქაუტაძე “სერენში” დაბრუნებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ბელგიური გამოცემა წერს.გავრცელებული ინფორმაციით 20 წლის ფეხბურთელი ბელგიაში ერთწლიანი იჯარით დაბრუნდება.
ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და თავდამსხმელის ტრანსფერი დააანონსა. დიდი შანსია, რომ მან სწორედ მიქაუტაძე იგულისხმა.
“გასულ კვირაში შეშფოთებული ვიყავი და მენეჯმენტს ვუთხარი, რომ გარკვეულ პოზიციებზე გაძლიერება გვჭირდებოდა. კარგი ამბავიც მივიღე – მომდევნო კვირაში ცენტრალურ მცველს და თავდამსხმელს დავიმატებთ”, – თქვა სერკლ ბრიუგესთან გუშინ მოგებული მატჩის შემდეგ ესპანელმა მწვრთნელმა.
გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი “სერენში” იჯარით გაატარა და გუნდის ჟუპილერ ლიგაში აღზევებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ზაფხულში კი გიორგი “მეცში” დაბრუნდა, სადაც მოსამზადებელ მატჩებში გოლებიც გაიტანა, მაგრამ ლიგა 1-ში შანსი პრაქტიკულად არ მისცემია.





