„საბურთალოს“ ახალგაზრდა შემტევი, გიორგი კოხრეიძე კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ „გრენობლში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ დაადასტურა.
„ეს ამბავი გადაწყვეტილია. გუნდმა ოფიციალური შემოთავაზება მიიღო და ჩვენ გიორგის ხელს არ შევუშლით, რადგან მას „საბურთალოს“ წინაშე დიდი დამსახურებები აქვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ფაქტში ნდობაა – გიორგი ახლა მომჯობინდა და ვარჯიშს მალე დაიწყებს, ფრანგებს კი იმედი აქვთ, რომ კოხრეიძე მათ წინსვლაში დაეხმარებათ. ფრანგებმა გიორგისთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს“, – განაცხადა კაშიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
„გრენობლმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ სეზონში სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილი დაიკავა და ლიგა 1-ში აღზევებისთვის აქტიურად იბრძოდა. ფრანგული კლუბი ფლეი-ოფში დამარცხდა, რის გამოც გუნდიდან მთავარი მწვრთნელი, ფილიპ ჰინშბერგერი წავიდა და მის მაგივრად თანამდებობაზე მაურიციო იაკობაჩი დაინიშნა.
რაც შეეხება გიორგი კოხრეიძეს, 22 წლის ფეხბურთელს ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა და მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა. რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელმა ესპანეთის ქალაქ „ვალენსიაში“ ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გაიარა.
კოხრეიძემ „საბურთალოსთან“ ერთად ეროვნული ლიგა, დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასი მოიგო.





