საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ ესპანური „კარტახენა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ქართველ ნახევარმცველს „კარტახენა“ კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობდა, თუმცა გიორგიმ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. შესაბამისად, ის თავისუფალი აგენტი გახდა და უახლოეს პერიოდში ახალ კლუბში მოგვევლინება.
„ეს იყო ძალიან ლამაზი ეტაპი, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ყოველთვის საუკეთესოს გისურვებთ და ვიცი, ნამდვილად ასე იქნება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს აბურჯანია.
გიორგი აბურჯანია „კარტახენაში“ მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. 26 წლის ქართველ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ტარაგონას „ხიმნასტიკში“, „სევილიას“ მეორე გუნდში, „ლუგოში“, „ტვენტესა“ და „ოვიედოში“ უთამაშია. საქართველოს ნაკრებში მას 20 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.





