გერმანულმა გამოცემა, 90min-მა საქართველოს ნაკრებისა და “ჰამბურგის” 22 წლის ფეხბურთელ, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა:
„ცოტა ხნის წინ, ჰამბურგმა იჯარით გიორგი ჩაკვეტაძე დაიმატა, თუმცა ფეხბურთელის ზაფხულში დარჩენის შანსი დიდი არ არის.
„გენტში“, გიორგი ჩაკვეტაძეს სეზონის რთული პირველი ნახევარი ჰქონდა. სეზონის დასაწყისში მან მხოლოდ რამდენჯერმე ითამაშა, მოგვიანებით კი მოედანზე გამოსვლის შანსი აღარ ეძლეოდა. შესაბამისად, 22 წლის ფეხბურთელისთვის იჯარით სხვა კლუბში გადასვლა მნიშვნელოვანი იყო.
„ჰამბურგში“ მან ახლახან ზედიზედ სამჯერ ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო თერთმეტეულში ჯერ არ ყოფილა, ტიმ ვალტერმა აჩვენა, რომ აფასებს ქართველის შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, გიორგის სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრის შანსი მომდევნო მატჩებში გაიზრდება.
თუმცა, იჯარა ზაფხულში დასრულდება. დარჩენის შანსი საკმაოდ მცირეა. „გენტს“ არ სურდა გერმანელებისთვის გამოსყიდვის უფლების მიცემა, სწორედ ამიტომ „ჰამბურგის“ ხელმძღვანელებს ტრანსფერზე მოლაპარაკება ბელგიელებთან მოუწევთ.
ჰაინ ვანჰაიზბრუკთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო, Bild-ი ვარაუდობს, რომ თუ მწვრთნელი ზაფხულში „გენტში“ დარჩება, ჩაკვეტაძე თითქმის აუცილებლად გაიყიდება.
მაგრამ მაშინაც ჰამბურგელები ძნელად გააქტიურდებიან. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბელგიური კლუბი რამდენიმე მილიონი ევროს სატრანსფერო ღირებულებას დააწესებს. შემტევი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება ამჟამად 2.3 მილიონ ევროს შეადგენს (transfermarkt–ის ვერსიით). თანხა, რომელიც ჩრდილოეთ გერმანელებისთვის ბუნდესლიგაში დაწინაურების შემთხვევაშიც კი არარეალური ჩანს.“ – ნათქვამია სტატიაში.








