წყალბურთში მიმდინარე „ტოკიო 2020“-ის სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
სასტარტო მატჩში არა მხოლოდ ამ ტურნირის, ზოგადად ევროპის ერთ-ერთ მოწინავე საბერძნეთის ნაკრებთან დასანანი მარცხის შემდეგ (10:11), რომელიც აშკარად არ იყო წასაგები, მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა დაისვენა, რადგან თურქეთის გუნდი კორონავირუსის გამო გათამაშებიდან მოიხსნა და ჯგუფის ყველა წევრს მათთან მოგება ჩაეთვალა.
იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ამ ტურნირზე თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს მაშინ თუქრეთის, კანადის და ბრაზილიის გუნდები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. თურქეთის ამბავი უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება კანადას, მათთან გამარჯვება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლდათ.
ნეკერჩხლის ფოთლის ქვეყნის წარმომადგენლებთან საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 14:11. წყვილის ფავორიტად ჩვენი გუნდი მიიჩნეოდა და მათაც გულშემატკივართა იმედები გაამართლეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 17 თებერვალს ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავს.





