ფრანგულ „ვალანსიანში“ გადასვლის შემდეგ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ პირველი კომენტარი გააკეთა.
34 წლის ფეხბურთელმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
„ვალანსიენში“ გადასვლისას გადამწყვეტი მწვრთნელის ფაქტორი იყო. მასთან რამდენიმე წლის წინ „რეიმსში“ ვთამაშობდი და კონტაქტი გუნდიდან წამოსვლის შემდეგაც მქონდა. როდესაც „ვალანსიენში“ მივიდა, მისი სურვილი იყო, რომ გუნდში მივსულიყავი. ხშირი კომუნიკაციის შედეგად ისე მოხდა, რომ ჩამოვედი და მოლაპარაკებები შედგა“, – განმარტა კანკავამ.
მისივე თქმით, ფრანგული კლუბის გარდა მას რამდენიმე ვარიანტიც ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საფრანგეთის ჩემპიონატმაც იქონია.
„შემოთავაზებები მქონდა რუსეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან – ეს რეალური წინადადებები იყო. მიწვევა თურქეთიდანაც იყო ლაპარაკის დონეზე, მაგრამ რეალური შემოთავაზება არ ყოფილა. ამ ეტაპზე „ვალანსიენი“ ვამჯობინე, რადგან მწვრთნელის ფაქტორი ძალიან დიდია. ერთმანეთს ვიცნობთ და მენდობა. პლუს, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატის ფაქტორიც იყო“, – განაცხადა 34 წლის ფეხბურთელმა.
ჯაბა კანკავა ფრანგულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მანამდე, ქართველი ფეხბურთელი ყაზახურ „ტობოლში“, ფრანგულ „რეიმსში“, უკრაინულ „დიპროში“ და თბილისის „დინამოში“ თამაშობდა.





