ევრო 2020 ოფიციალურად გაიხსნა. ტურნირის პირველი შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც მატჩის ფორმალური მასპინძელი თურქეთი იტალიის ნაკრებს შეხვდა. გახსნის ცერემონია საკმაოდ ლამაზი გამოდგა და მატჩი კი უფრო მეტად სანახაობრივი. იმის მიუხედავად, რომ იტალიელები მთელი თამაშის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და ფაქტობრივად მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, ნეიტრალურმა გულშემატკივრებმა მაინც კარგი სანახაობა იხილეს.
სკუადრა აძურა სათამაშო უპირატესობას პირველივე წუთებიდანვე დაეუფლა და შეხვედრის ბოლომდე თურქებს ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ მისცეს. პირველ ნახევარში იტალიელებმა არაერთი რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს, რაც დიდწილად თურქეთის ნაკრების მცველების დამსახურებაა.
რობერტო მანჩინის გუნდმა ტემპი არც მეორე ტაიმში დააგდო და აქტიურობამ შედეგი საბოლოოდ 53-ე წუთზე გამოიღო, რა დროსაც მარჯვენა ფლანგიდან ბერარდის აქტიურობას დემირალის ავტოგოლი მოჰყვა. 66-ე წუთზე სპინაცოლას დარტყმულს იმობილემ დაამატა და სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი კი ლორენცო ინსინიემ დასვა, რომელმაც 79-ე წუთზე ჩირო იმობილეს გადაცემა შესანიშნავად გამოიყენა.
საგულისხმოა, რომ ევროტურნირების ისტორიაში იტალიის ნაკრებმა ისტორიის განმავლობაში 3 გოლი პირველად გაიტანა. რობერტო მანჩინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 ივნისს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, თურქები კი ამჯერად ბაქოში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ხვალინდელ განრიგს, ამჯერად გულშემატკივარი სამ შეხვედრას იხილავს. 17:00 საათზე ერთმანეთს შვეიცარიისა და უელსის ნაკრებები შეხვდებია, 20:00 საათზე დანია ფინეთთან მოსინჯავს ძალებს, დღის ბოლო მატჩი კი 23:00 საათზე, ბელგიისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაიმართება.





