რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში ყაზანის „რუბინმა“ „კრილია სოვეტოვს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ყველასთვის მოულოდნელად, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობა არ დააყენა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში მხოლოდ 56-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:0 იყო, თუმცა, კვარაცხელია არც თუ ისე აქტიური იყო და თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სლუცკიმ თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა.
„ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ახალგაზრდა ფეხბურთელია და ამ რეჟიმში, ორი მატჩის შემდეგ, მესამეს ძირითადში ვერ ითამაშებდა. ასეთ რთულ მოედანზე, როდესაც გამუდმებით ურტყამენ და მასზე დიდი ყურადღებაა გადატანილი, უბრალოდ ვერ გაუძლებდა კიდევ ერთ თამაშს“, – განმარტა სლუცკიმ.
ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერ ლიგაში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით „ზენიტთან“ ერთად ლიდერობს. სლუცკის გუნდი მომდევნო ტურში „ხიმკის“ შეხვდება.








