22 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი არაბიძე კარიერას რუსეთში, ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.
ბოლო წლებში, ახალგაზრდა ფეხბურთელი პორტუგალიური „ნასიონალის“ საკუთრება იყო და იჯარის წესით თურქულ „ადანასპორში“ თამაშობდა. ამჯერადაც, არაბიძე ახალ კლუბს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება.
„ვოლგოგრადულ გუნდთან კონტრაქტი უკვე გავაფორმე. მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი უკრაინიდან მიცნობს. როდესაც ის კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, მე დონეცკის „შახტარის“ დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. ეს ტრანსფერი მამუკა ჯუღელის დამსახურებაა, რომელიც მენდო და პორტუგალიიდან წამომიყვანა. ამისთვის მას მადლობას ვუხდი. მჯერა, რომ ამ ნდობას მოედანზე კარგი თამაშით გავამართლებ. ვოლგოგრადის „როტორმა“ ჩემს პორტუგალიურ გუნდთან, „ნასიონალთან“ მოილაპარაკა და ექვსთვიან იჯარაზე შეუთანხმდა. თუმცა, ამის შემდეგ მე პორტუგალიაში დაბრუნება არ მინდა, ხელშეკრულებაში კი ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვაც გათვალისწინებულია“, – ამბობს ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძის გარდა „როტორში“ 3 ქართველი თამაშობს – საბა კვირკველია, ბექა მიქელთაძე და ზურიკო დავითაშვილი.





